ფოთში მდინარე რიონზე ახალი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა იწყება
30 ნოემბერი 2021
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ფოთის ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობას იწყებს.
ფოთში, მდინარე რიონზე დაგეგმილი ფოლად-რკინა-ბეტონის 8 მალიანი საავტომობილო ხიდის სიგრძე 436 მეტრს, ხოლო მისასვლელი გზების სიგრძე, ჯამში, 2 კმ-ს შეადგენს. მშენებლობის ღირებულება შეადგენს 60.8 მილიონ ლარს და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ერთობლივი საწარმო MIRBUD-CS“ შეასრულებს. სამუშაოების დასრულების ვადა 2 წელია.
ფოთის ამჟამად არსებული გზა გადის ჰიდროკვანძზე, რომლის ტექნიკური პარამეტრები ვერ აკმაყოფილებს ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ და უსაფრთხო გადაადგილებას. ახალი ფოლად-რკინა-ბეტონის 8 მალიანი ხიდის მშენებლობა მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და ფოთის მიმართულებით, მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობასა და შეუფერხებელ სატრანზიტო მიმოსვლას უზრუნველყოფს.
ფოთის ხიდი E60-E70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის. მაგისტრალის მდებარეობის გათვალისწინებით, იგი გახდება ძირითადი სატრანსპორტო რგოლი შავ ზღვას, კასპიის ზღასა და ცენტრალურ აზიას შორის.